უმაღლესი რადას წევრებმა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო 14 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე დაიბარეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ინიციატივით პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი დეპუტატი – მარიანა ბეზუგლა გამოვიდა. მის წინადადებას მხარი 151-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო რვა.
„ხედავთ, რა ხდება დედაქალაქში. ჩვენ კლიჩკოსგან ერთი ხმაც არ გაგვიგია. ეს საკითხი კი არც პოლიტიკურ პარტიებსა და არც პოლიტიკურ ძალებს არ ეხებათ“, – განაცხადა მარიანა ბეზუგლამ.
ვიტალი კლიჩკოს თქმით კი, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობს და ამისთვის გამოგონილ მიზეზებს იყენებენ.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული რესურსები გათბობის სეზონის სავარაუდო შეფერხების შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ“, – განაცხადა კიევის მერმა.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსული თავდასხმების გააქტიურების გამო კიევი გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში აღმოჩნდა. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს ქალაქგარეთ მეგობრებთან ან ნათესავებთან დროებით გადასვლაზე დაფიქრება ურჩია.
9 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ თითქმის ვერ შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქუტურის დასაცავად საჭირო ზომების გატარება.




