ბრიტანეთის სამეფოს პროკურატურამ კევინ სპეისის ბრალი წაუყენა მამაკაცზე სექსუალური ძალადობის შვიდ ახალ საქმეში. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სამეფო პროკურატურამ, 63 წლის კევინ სპეისის წინააღმდეგ, 2001 წლიდან 2004 წლამდე მომხდარი სექსუალური ძალადობის ინციდენტების სერიისთვის დამატებითი ბრალდების წარდგენა დაამტკიცა", - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ასეთი ბრალდება ეხება "სექსუალურ აქტივობაში, ადამიანის, მისი ნებართვის გარეშე ჩართვას".

მაისის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში მსახიობს ბრალი წაუყენეს სექსუალური ძალადობის ოთხი მუხლით, სამი მამაკაცის მიმართ. აღნიშნული ინციდენტები, სავარაუდოდ, 2005, 2008 და 2013 წლებში მოხდა.

ივლისში ლონდონში გამართულ წინასწარ მოსმენაზე, მსახიობმა, მის წინააღმდეგ წაყენებული ხუთი ბრალდებიდან, თავი დამნაშავედ არცერთში ცნო. სასამართლომ არ შეუზღუდა მსახიობს გადაადგილების თავისუფლება. არსებითი განხილვა 2023 წლის 6 ივნისს დაინიშნა და 3-4 კვირა უნდა გაგრძელდეს.

კევინ სპეისი - მსახიობი და რეჟისორი, ორი ოსკარის მფლობელი - 2017 წელს შეერთებულ შტატებში გახმაურებული სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მსახიობმა ენტონი რეპმა იგი სექსუალურ შევიწროებაში  დაადანაშაულა. მოგვიანებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ 30-მა ადამიანმა წამოაყენა. სკანდალის გამო, მსახიობი სამუშაოს გარეშე დარჩა და ფაქტობრივად გარიყულის პოზიციაში აღმოჩნდა.