11 დეკემბერს თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როგორც რუსეთით, ასევე უკრაინით, ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, "ძალიან იმედგაცრუებულია".

ლევიტმა ეს კომენტარი გააკეთა კითხვაზე პასუხისას, მიიღებდა თუ არა შეერთებული შტატები მომდევნო მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"აშშ და ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ ძალიან აქტიურად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში" - თქვა მან.

ლევიტმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში ტრამპი ევროპელ ლიდერებს თავად ესაუბრა და რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი დელეგაცია "ორივე მხარესთან პირდაპირ კომუნიკაციას ახლაც აგრძელებენ.“

ლევიტის თქმით, მომდევნო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ადმინისტრაცია წარმომადგენლის გაგზავნას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პროგრესისთვის რეალურ შანსს დაინახავს.

"თუ არსებობს რეალური შანსი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა, თუ ჩვენ გვგონია, რომ ეს შეხვედრები შეერთებული შტატების დროდ ღირს, მაშინ ჩვენ წარმომადგენელს გავაგზავნით. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნამდვილად არის თუ არა მშვიდობის მიღწევის რეალური შესაძლებლობა და შეგვიძლია თუ არა საკითხის წინ წაწევა" - თქვა ლევიტმა.

ლევიტმა ბოლო დიპლომატიური ძალისხმევის ტემპისა და შედეგების მიმართ ტრამპის უკმაყოფილებას გაუსვა ხაზი.

ლევიტის თქმით, ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირებში რუს, უკრაინელ და ევროპელ კოლეგებთან საუბარში 30 საათზე მეტი დახარჯეს.