კანადა 2027 წლის ყინულის ჰოკეის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვის ყველა რუს სპორტსმენს, თუნდაც მათ მოქმედი ვიზები ჰქონდეთ. ასეთი განცხადება კანადის სპორტის მინისტრმა ადამ ვან კუვერდენმა გააკეთა.
როგორც შეტყობინებიდან ირკვევა, კანადის მთავრობამ ოფიციალურად აცნობა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას (IIHF) და კანადის ჰოკეის ფედერაციას (Hockey Canada), რომ რუსებზე ვიზებს არ გასცემს.
"მინისტრი (იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის საქმეთა) მიიღებს ზომებს, რათა ჩაატაროს ინდივიდუალური შეფასება და არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისა და ოფიციალური პირების კანადის ტერიტორიაზე შესვლა შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ მოქმედი ვიზები", - ციტირებს TSN ვან კუვერდენს.
"ეს ზომები არ არის მიმართული რუსებისა და ბელორუსების წინააღმდეგ. ისინი მიზნად ისახავს არ დაუშვან, რომ რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებმა კანადაში მიმდინარე საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები სახელმწიფოს წარმოსაჩენად, პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და პროპაგანდის პლატფორმად გამოიყენონ. კანადის თანმიმდევრული პოზიცია ასევე ითვალისწინებს, რომ მხოლოდ ცალკეულ სპორტსმენებს, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით გამოდიან, შეეძლებათ მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა კანადაში გამართულ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებშ, - დასძინა მინისტრმა.
"კანადის პოზიცია უცვლელი რჩება: სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს, საქმის ჩვეულ რიტმში დაბრუნება შეუძლებელია. კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას", - ხაზგასმით აღნიშნა ადამ ვან კუვერდენმა.
მანამდე, 4 ნოემბერს, იმის შესახებ, რომ რუს ჰოკეისტებს 2027 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ვიზებს არ მისცემენ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა.




