აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს, რომ ისრაელს თავის დაცვის შესაძლებლობა ყოველთვის ჰქონდეს.
"ღაზაში ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დღე და ღამე ვმუშაობთ, რადგან ახლა დროა მძევლებზე შეთანხმება დაიდოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწიოთ". - განაცხადა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჰარისის თქმით, "მე ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს, რადგან ისრაელის მოსახლეობა აღარასდროს უნდა აღმოჩნდეს იმ საშინელების წინაშე, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ, სახელად "ჰამასი", 7 ოქტომბერს მოაწყო, მათ შორის ენით აღუწერელი სექსუალური ძალადობა და ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტა მუსიკის ფესტივალზე".
ამასთანავე, სიტყვით გამოსვლაზე ჰარისმა ღაზის სექტორზეც ისაუბრა: "რაც ღაზაში ბოლო 10 თვის განმავლობაში მოხდა დამანგრეველია. ამდენი უდანაშაულო სიცოცხლე, სასოწარკვეთილი მშიერი ხალხი ისევ და ისევ უსაფრთხოებისთვის გარბის. ტანჯვის მასშტაბი გულსატკენია". - თქვა მან.
ჰარისის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს, რათა ომი ისე დამთავრდეს, რომ "ისრაელი უსაფრთხოდ იყოს, ჰამასის მიერ აყვანილი მძევლები გათავისუფლდნენ, ღაზაში ტანჯვა დამთავრდეს და პალესტინელმა ხალხმა ღირსების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლებების რეალიზება მოახერხონ".