აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გმობს დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლას. მისი თქმით, მოხარულია, რომ ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა.
„დაგი (მეუღლე) და მე მოხარული ვართ, რომ ის სერიოზულად არ არის დაშავებული. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის, მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც დაშავდა და დაზარალდა ამ უაზრო სროლის შედეგად“, – განაცხადა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პირველადი რეაგირების ჯგუფს მათი დაუყოვნებლივი მოქმედებისთვის.
„მსგავს ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს ერში. ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ეს ამაზრზენი ქმედება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ამან არ გამოიწვიოს მეტი ძალადობა“, – წერს ჰარისი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.