ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უკვე განსაზღვრულია, თუ ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე.
კალასის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში ევროპა უნდა წარმოადგინონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პირადად მან, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
"რა თქმა უნდა, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ, სხვა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია უკვე არსებული შეთანხმებების დაცვა", - განაცხადა კალასმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსებს არ უნდა აღელვებდეთ, თუ ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებზე. "რატომ უნდა გვაღელვებდეს ის, რასაც რუსები ამბობენ ჩვენს წარმომადგენლებზე? განა ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს მათ წარმომადგენლებზე - ვინ უნდა წარმოადგინოს ისინი? საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავისი წარმომადგენლები თავად აირჩიოს", - აღნიშნა მან.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა დუბლინში შეხვედრის წინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შინაარსი წარმომადგენლის პიროვნებაზე მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ამ როლისთვის ბუნებრივი კანდიდატია, რადგან ის ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა აირჩიეს. "ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ კოშტას მონაწილეობას ასეთ მოლაპარაკებებში", - თქვა ფრიდენმა.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კულბერგსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ინსტიტუციურ სისტემას ოფიციალურად სწორედ კოშტა უნდა წარმოადგენდეს. "თუ ჩვენს ინსტიტუციურ სტრუქტურას შევხედავთ, ოფიციალური წარმომადგენელი ანტონიუ კოშტაა. დიახ, ოფიციალურად", - თქვა მან.




