ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ახალი სხდომის წინ, მათ, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.

"სანქციები რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზე ჩვენი პასუხის საკვანძო ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვისთვის დაფინანსების წართმევას", - განაცხადა მან.

კალასის თქმით, რომელსაც სააგენტო AFP ციტირებს, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ, უახლოეს მომავალში დაასრულონ მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების გახანგრძლივებაზე და უზრუნველყონ მათი სწრაფი ძალაში შესვლა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება და ბრიუსელი უკვე მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე.

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შემდეგი სხდომა 22 სექტემბრის დილისთვისაა ჩანიშნული, იტყობინება DW-ს კორესპონდენტი ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით. მასზე განხილული იქნება რუსი მილიარდერების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნა და, ამავდროულად, ათასობით სხვა ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ შემზღუდავი ზომების შენარჩუნება.