ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინის ომით საზოგადოება დაიღალა და ამიტომ ევროპის მხრიდან დახმარების გაგრძელების მიზეზების ახსნა უფრო რთული ხდება.
როგორც კაია კალასმა კანადასა და ევროკავშირს შორის ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების თემაზე გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთი ომის შეწყვეტას არ ცდილობს, სწორედ ამიტომ უკრაინის მხარდაჭერისა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების ალტერნატივა არ არსებობს.
„ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო რთულია ახსნა, რადგან ყველა დაღლილია ამ ომით. უკრაინელებს ყველაზე მეტად უნდათ ომის დასრულება, რადგან იტანჯებიან, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთს ომის შეწყვეტა სურს. სხვა არჩევანს ვერ ვხედავთ, გარდა იმისა, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლა მოვახდინოთ და უკრაინას დავეხმაროთ“, – განაცხადა კალასმა.
აშშ-ის პოზიციასთან დაკავშირებით საუბრისას კალასმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპამ და კანადამ ფინანსური და სამხედრო დახმარებით განაგრძეს, თუმცა, მისივე თქმით, ძნელია, როცა აშშ ამ მხარეს არ დგას. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, დასავლეთში არსებული განხეთქილება მოსკოვისთვის სასარგებლოა.








