ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების მომხრე. პრესის თავისუფლება ერთ-ერთი მათგანია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კაია კალასმა უპასუხა დასმულ კითხვას: „როგორ შეუძლია ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოში იღებენ კანონებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, მედიისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“.
„ველოდები, რომ ზოგიერთი მინისტრი ასევე წამოჭრის ამ საკითხს. როგორც აქამდე, ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების მომხრე და პრესის თავისუფლება ერთ-ერთი მათგანია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად ველოდებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.
ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.








