ჩვენი პრიორიტეტია, გავაგრძელოთ ზეწოლა მოსკოვზე და მეტი მხარდაჭერა კიევისთვის. ევროპა უზრუნველყოფს უკრაინას რეკორდული, 27 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო მხარდაჭერით წელს. ჩვენ ასევე შევასრულეთ ჩვენი დაპირება და მივაწოდეთ 2 მილიონი ერთეული საარტილერიო ტყვია, მაგრამ ასევე ნათელია, რომ ტემპის დაგდების დრო არ არის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კალასის თქმით, ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის თავდაცვისა და მოლაპარაკებებში მისი პოზიციის გასაძლიერებლად, ვიდრე რუსეთი უარს ამბობს მშვიდობაზე.

„მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს. რამდენადაც უკრაინა აიძულეს, უარი თქვას ნატო-ზე, ეს იქნება ერთადერთი გარანტია, რომელიც შეძლებს რუსეთის შეჩერებას ხელახალი შეჭრისგან. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს წილს, სწავლებებით, თავდაცვითი ინდუსტრიის მხარდაჭერით. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი რჩება შემოსავლის წყაროდ და ჩვენ ვჭრით ამას. დღეს ჩვენ დავასანქცირეთ რამდენიმე ფიზიკური პირი, რომელიც დაკავშირებული იყო „როსნეფტთან“ და „ლუკოილთან“, ისევე როგორც საზღვაო კომპანიებთან. ასევე, დამატებით 40-მდე ხომალდი შევიდა სასანქციო სიაში. ჩვენ ასევე დავასანქცირებთ ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს, ყოველთვიურად გადაწყვეტილებების მიღებით. მინისტრებმა ასევე სანქციები დაუწესეს მათ, ვინც ჩართული არიან რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებში ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ, რამდენადაც იზრდება ჰიბრიდული თავდასხმები ბელარუსიდან, ჩვენ ასევე გავაფართოეთ სანქციების რეჟიმი, რათა პასუხისმგებელი პირები მიზნად ამოვიღოთ. გზავნილი მკაფიოა. ვინც ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, მოუწევს, შედეგების წინაშე აღმოჩნდეს. ეს მნიშვნელოვანი კვირაა უკრაინის დაფინანსებისთვის. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის გაყინულ აქტივებზე. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ხუთშაბათს, ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს უკრაინის დაფინანსების გადაწყვეტილება 2026 და 2027 წლებისთვის. უკრაინის დაფინანსება ძვირი ჯდება, თუმცა უკრაინის დაცემის საშუალება რომ მივცეთ, ეს კიდევ უფრო ძვირი დაჯდება. დანაშაულებისთვის რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, აუცილებელია ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისთვის. ხვალ, ჰააგაში, ჩვენ შევქმნით კომისიას რუსეთის მიერ ომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სარჩელების განსახილველად. ევროკომისიის რეესტრში უკვე 80 000 განაცხადია. განიხილება, შეფასდება და განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა, რომელიც უკრაინას ეკუთვნის. რუსეთი თავს ვერ დააღწევს გადასახადს სახლებისთვის, სკოლებისა და ჰოსპიტლებისთვის, რომელიც გაანადგურა. რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, მხოლოდ უკრაინას შეუძლია, გადაწყვიტოს ნებისმიერი შეთანხმების პირობები, თუმცა ყველამ ვიცით, რომ დონბასი არ არის პუტინის საბოლოო მიზანი. თუ ის მას მიიღებს, მეტს მოისურვებს. დათმობა აგრესორისგან უნდა იყოს და არა მსხვერპლისგან. ამ ორ მხარეს შორის მორალური ეკვივალენტობა არ არის“, – განაცხადა კაია კალასმა.

თარგმანი: პირველი არხი