საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი რუსული დრონების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს. როგორც კალასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, მსგავსი უგუნური ქმედებები რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„ასეთი უგუნური ესკალაცია საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს. მე მჭიდრო კონტაქტში ვარ რუმინეთის მთავრობასთან“, – დაწერა კაია კალასმა.
13 სექტემბერს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. უწყების ცნობით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუმინეთმა „ეფ-16“-ის ტიპის ორი გამანადგურებელი აამოქმედა.
თარგმანი: პირველი არხი