ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის თქმით, დასავლეთმა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა უნდა დააჩქაროს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ევროპამ უნდა უზრუნველყოს, რომ უკრაინამ იარაღი თვეების და არა წლების შემდეგ მიიღოს.

"ყველამ შევიხედეთ საწყობში რომ გვენახა, რა გვაქვს. მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას მკაფიო სიგნალი უნდა მივცეთ, რომ მეტი აწარმოონ," - განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში, სადაც 9 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა და ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იმ მექანიზმის შესახებაც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, უპრიანი იქნებოდა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად:

"ვფიქრობ, [კოვიდის] ვაქცინების მსგავსი მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ დაფინანსებას, ევროკომისია დაუკვეთს და შემდეგ [იარაღი] პირდაპირ გადაეცემა უკრაინას.

ყოველგვარი გადადება და ყოყმანი ფასს ზრდის. ეს დააჩქარებს პროცესს, რათა უკრაინამ სამხედრო დახმარება თვეების და არა წლების შემდეგ მიიღოს," - თქვა კაია კალასმა ჟურნალისტებთან.