ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აშშ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსებას წყვეტს, თუმცა ამბობს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, ავტომატურად ჩაანაცვლოს ამერიკული დაფინანსება.

ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილებოდა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. როგორც კალასმა აღნიშნა, ევროკავშირი განიხილავს, რისი გაკეთება შეუძლია.

„ის იყო დემოკრატიის შუქურა და ძალიან ღირებული ამ მხრივ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენთვის კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ჩვენი დაფინანსებით შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც აშშ ტოვებს? ამ კითხვაზე პასუხია, რომ ავტომატურად არ შეგვიძლია, რადგან გვყავს ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც მოდიან ჩვენთან ამავე თხოვნით, მაგრამ მართლაც იყო ბიძგი საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რომ განგვეხილა ეს საკითხი და გვეპოვა გზა. ასე რომ, ეს არის დავალება ჩვენი მხარისთვის, ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – თქვა კალასმა.

თარგმანი: პირველი არხი