ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთში სპეციალურ მისიას გაგზავნის. ინიციატივის მთავარი მიზანი ქვეყანაში ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ეროვნული მდგრადობის ამაღლებაა.
კაია კალასის თქმით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის მზაობას გამოხატავს, დაეხმაროს სომხეთს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და რეგიონული გამოწვევების მართვაში. მისიის ფარგლებში ექსპერტები სომხურ მხარეს გაუზიარებენ გამოცდილებას დეზინფორმაციასთან, კიბერუსაფრთხოებასა და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ ზეწოლასთან გამკლავების მიმართულებით.
"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთის სუვერენიტეტსა და მის მიერ არჩეულ დემოკრატიულ გზას. ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება არის ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა კალასმა.
სომხური მხარე მიესალმება ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას და მას ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერების პროცესში წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.
აღნიშნული მისია კიდევ ერთი დასტურია ევროკავშირის აქტიური ჩართულობისა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებას გარე გეოპოლიტიკური ზეწოლისა და საფრთხეების ფონზე.




