ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიის გაფართოებისთვის ემზადება. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, ევროპული ბლოკი სანქცირებულთა სიას დაახლოებით 30%-ით გაზრდის.
კალასის თქმით, სანქციების გამკაცრება მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დასუსტებასა და იმ სქემების აღკვეთას, რომლებსაც მოსკოვი შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებს.
სიას დაემატება ათეულობით ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის, მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამხედრო ექსპერტები და კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ ტექნოლოგიების უკანონო იმპორტში.
ახალი პაკეტი ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებისთვის, ენერგორესურსებისა და ფინანსური ტრანზაქციების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. მესამე ქვეყნების გავლით სანქცირებული საქონლის რუსეთში მოხვედრის პრევენციას.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნებას იმ დრომდე, სანამ ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებები არ მოხდება. მოსალოდნელია, რომ სანქციების ახალ პაკეტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს კვირებში ოფიციალურად დაამტკიცებენ.




