აშშ–მა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ო’ბრაიენმა ისიც აღნიშნა, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” რიგი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.
"ჩვენ ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე ნაწილის გადაწყვეტილებები და რიტორიკა”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
"მთავრობა და ახლახან, ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ–მინისტრის განცხადება, რომ მათი ბოლო პერიოდის ქმედებები არ დააბრკოლებდა ამ კურსს, თუმცა ბოლო პერიოდის ქმედებები ძალადობა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და "აგენტების კანონის" მიღება, შეუთავსებელია ამ მისწრაფებებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ თხოვნით მივმართეთ მთავრობას, გადაეხედა მისი პოზიციისთვის", – დასძინა მან.
ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ.