აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ აქტივისტები დახვდნენ. სომხური მედიის ცნობით, აქტივისტების უმეტესობას ის პირები წარმოადგენდნენ, რომლებიც მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ და აზერბაიჯანის მიერ მასზე კონტროლის აღდგენის შემდეგ სომხეთში გადასახლდნენ.
„თავისუფლება სომეხ მძევლებს“, – სკანდირებდნენ აქტივისტები.
ამასთან, მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები სომეხი ტყვეების სურათებითა და მათი სახელებით.
ცნობისთვის, ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება. დელეგაციის წევრებს შორის არის ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგი. დღეს საღამოს ვენსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი განცხადება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ხვალ გაემგზავრება აზერბაიჯანში. ორ ქვეყანაში ვენსის ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობის დამყარებისკენ და ასევე პროექტის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ წინ წაწევა. ეს პროექტი გულისხმობს სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და აზერბაიჯანს დააკავშირებს აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალ ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. პროექტი ითვალისწინებს აშშ-ისა და სომხეთის მონაწილეობით ერთობლივი კომპანიის შექმნას, რომლიც პასუხისმგებელი იქნება ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.










