შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე სამშვიდობო პროცესი მოსკოვის ზღვარგადასული მოთხოვნების გამო ჭიანურდება, თუმცა დასძინა, რომ კვლავ შესაძლებლად მიიჩნევს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ჯეი დი ვენსის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 2 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში არ შეწყდება.
"ავიღოთ რუსების მიერ წარმოდგენილი პირველი სამშვიდობო წინადადებები, ამაზე ჩვენი რეაქცია იყო, რომ თქვენ ძალიან ბევრს ითხოვთ"- ამბობს ვენსი.
ამასთანავე ვენსი აღნიშნავს, რომ არ არის ძალიან სკეპტიკურად განწყობილი და მიაჩნია, რომ რუსებს კვლავ სურთ ომის დასრულება.
"რა შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ რუსებს აქვთ თავიანთი მოთხოვნების სია, რომლის შესრულებასაც ითხოვენ, საუბარია დათმობების ჩამონათვალზე - ჩვენი აზრით, ისინი ზედმეტად ბევრს ითხოვენ"- ამბობს ვენსი.
ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანია უკრაინის პოზიციაც. ამასთანავე ვენსის თქმით, სამშვიდობო პროცესში ვაშინგტონის შესაძლებლობები ლიმიტირებულია და კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების გარეშე ომის დასრულება გაჭირდება.
"ამჟამად ჩვენ სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებულები"- ამბობს ჯეი დი ვენსი.
ვენსის თქმით, ამ დროისთვის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფოკუსირებულია ე.წ. დიდი შეთანხმების მიღწევაზე დაა აღარ არის საუბარი 30-დღიანი სრულფორმატიანი ზავი, რომელიც ვაშინგტონმა მხარეებს მარტში შესთავაზე