აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, გაიხსნება სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ღაზის რეკონსტრუქციას დაიწყებს. რაც შეეხება ზავს, ჯეი დი ვენსი „ძალიან ოპტიმისტურად“ არის განწყობილი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაგრძელდება. ამის შესახებ ვენსმა ისრაელში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, იყოს ისეთი მოვლენები, როდესაც ყველაფერი კარგად არ წარიმართება და მედიაცია, ზედამხედველობა და მონიტორინგი გახდება საჭირო, თუმცა ამჟამად ის ძალიან იმედიანადაა.

„შემიძლია თუ არა ვთქვა 100%-იანი სიზუსტით, რომ ყველაფერი იმუშავებს? არა, მაგრამ რთულ საკითხებს მხოლოდ მაშინ არ ეჭიდები, როდესაც 100%-ით დარწმუნებული ხარ, რომ გამოვა, შენ მაინც ცდილობ“, – აღნიშნა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ამერიკული და დასავლური მედიასაშუალების „უცნაური დამოკიდებულება“ ცეცხლის შეწყვეტის მიმართ. მისი შეფასებით, ეს მათი მხრიდან „წარუმატებლობისთვის გულშემატკივრობას“ ჰგავს. მისი თქმით, ყოველ ჯერზე როდესაც რაღაც ცუდი ხდება, ან სახეზეა ძალადობის აქტი, ან იკვეთება „მიდრეკილება“ თქვან, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თურქეთის კონსტრუქციულ როლზე, რომელსაც თურქეთი ამ შეთანხმებაში შეასრულებს. ამასთან, ჯეი დი ვენსი აღნიშნავს, რომ მძევლების ცხედრების დაბრუნება ერთ ღამეში შეუძლებელია, რადგან ზოგიერთის ცხედარი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი, ზოგის ადგილმდებარეობა კი უცნობია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ მოსაძიებლად მუშაობა შეწყდება.

კითხვაზე, ნამდვილად განიარაღდება თუ არა „ჰამასი“, ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მშვიდობა გაგრძელდება და „ჰამასის“ განიარაღება ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილია, თუკი, ეს ასე არ მოხდება, „ჰამასი“ განადგურდება, მაგრამ ჯეი დი ვენსი რაიმე ვადას არ ასახელებს.

რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებს, რომელიც ტრამპის გეგმის მიხედვით, აშშ-მა არაბ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა შექმნას და ღაზის სექტორში უნდა განთავსდეს, ჯეი დი ვენსის თქმით, ღაზაში ამერიკული კონტინგენტი არ იქნება წარმოდგენილი, თუმცა ისინი უზრუნველყოფენ „სასარგებლო კოორდინაციას“ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, ერთადერთი რეალური მედიატორი შეერთებული შტატებია.

თარგმანი: პირველი არხი