ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას და თანამშრომლობის განვითარებას იმ სფეროებში, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განახლებული სამთავრობათაშორისო კომისიის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ენერგეტიკა იყო.

„რუსეთთან კომუნიკაცია და დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია, მოსწონს ეს ოპოზიციას თუ არა, რადგან სლოვაკეთის ინტერესები მათ ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. მათ კი, როგორც ჩანს, სურთ, მოქალაქეები ცხოვრობდნენ სუვერენიტეტის არმქონე, ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში, სადაც ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ფასები იმდენად მაღალი იქნება, რომ მოსახლეობა მათ გადახდას ვეღარ შეძლებს. როგორც ჩანს, სწორედ ეს სურთ“, – განაცხადა ბლანარმა.