ბევრი მავნე ზემოქმედებიდან, რომელიც დაკავშირებულია კანაფის მოხმარებასთან, რამდენიმეს მიექცა ყურადღება, მაგალითად, როგორიც არის კანაფის საგანგაშო ასოციაციას ფსიქოზთან. რეალურად, იწვევს თუ არა კანაფის მოხმარება ფსიქოზს და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორიცაა შიზოფრენია, თუ ეს კიდევ ერთი გაზვიადებული განცხადებაა? ამის შესახებ CNN რამდენიმე ექიმსა და სპეციალისტს ესაუბრა.
კავშირი კანაფის მოხმარებასა და ფსიქოზს შორის კარგად არის დადასტურებული კვლევებით. ეს ასოციაცია ეჭვგარეშეა. თუმცა, როგორც ჩვენ ყველანი ვსწავლობთ საშუალო სკოლაში, კორელაცია არ გულისხმობს მიზეზობრიობას. ზოგადი მაგალითისთვის, ნაყინის მოხმარება და დახრჩობის მაჩვენებელი ზაფხულის თვეებში იზრდება. ისინი უდავოდ დაკავშირებულია. მაგრამ არავის სჯერა, რომ ამ ფენომენებიდან ერთი მეორის მიზეზია. ექიმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რეალურად, იწვევს თუ არა კანაფი ფსიქოზს.
დავიწყოთ "ფსიქოზის" ცნების განსაზღვრით, რომელიც არის კავშირის დაკარგვა რეალობასთან, მათ შორის ბოდვები, ჰალუცინაციები და/ან აზროვნების დარღვევა. ბოდვები შეიძლება იყოს პარანოიდული. ფსიქოზური ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან თვემდე, ან თუნდაც, წლამდე. ხანმოკლე ფსიქოზური ეპიზოდიც კი შეიძლება მიუთითებდეს უწყვეტი ფსიქიკური დაავადების დაწყებაზე, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, ან შიზოფრენია.
კლინიკური მუშაობისას ჩვენ ვნახეთ ფსიქოზის მრავალი შემთხვევა, რომელიც პირველად გამოჩნდა კანაფის მოხმარების კონტექსტში. ერთის მხრივ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ადამიანები უფრო ხშირად იწყებენ კანაფის მოხმარებას იმავე ასაკში, როდესაც ფსიქოზის პირველი ეპიზოდის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან - მოზარდობის, ან 20 წლის ასაკში.
ადვილია იმის მტკიცება, რომ კანაფის მოხმარება იწვევს ფსიქოზს, ან შიზოფრენიას, ამ ორს შორის კორელაციის უფრო მჭიდრო დაკვირვების გარეშე, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს კანაფის მოხმარების სტიგმატიზაცია. თუმცა, არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს ასეთ გამარტივებულ შეხედულებას, რადგან არსებობს რამდენიმე სხვა დამაჯერებელი კავშირი.
მაგალითად, ფსიქოზის რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა შეიძლება, კანაფი მოიხმარონ მანამ, სანამ მათ განუვითარდებათ ფსიქოზური აშლილობა. ამ შემთხვევაში, ფსიქოზის დაწყებამდე, პაციენტმა შეიძლება განიცადოს შფოთვა და გამოიყენოს კანაფი, რათა თავი უკეთ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ კანაფი შეიძლება არ დაეხმაროს, ის ხშირად, რეალურად, არ იწვევს ფსიქოზს. პარადოქსულია, რომ ფსიქოზის სიმპტომებმა შეიძლება, ადამიანები მარიხუანით თვითმკურნალობისკენ მიიყვანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ფსიქოზი არის კანაფის მოხმარების მიზეზი და არა პირიქით.
კანაფმა შეიძლება, გამოიწვიოს, ან გააუარესოს ფსიქოზი ძირითადი მიზეზის გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ სხვა წამლებმა, მათ შორის ფსიქოსტიმულანტებმა, სტეროიდებმა, ფსიქოდელიურმა და ალკოჰოლმა შეიძლება, მოკლევადიანი ფსიქოზი გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება, რამდენიმე დღიდან თვემდე გაგრძელდეს. თუმცა, ყველა იმ წამალს შორის, რომელიც ამ უჩვეულო ტიპის ფსიქოზს იწვევს, კანაფი ყველაზე გავრცელებული დამნაშავეა.
კანაფი იწვევს არა მხოლოდ გარდამავალ ფსიქოზს, არამედ შიზოფრენიასაც. ამავდროულად, კვლევა აჩვენებს, რომ პაციენტებს აქვთ შიზოფრენიის განვითარების უფრო მაღალი გენეტიკური რისკი, რაც იმას ნიშნავს, რომ კანაფმა შეიძლება უბრალოდ გამოიწვიოს ის, რისკენაც პაციენტი მიდრეკილია საბოლოოდ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ კანაფის მოხმარება იწვევს შიზოფრენიას. შიზოფრენიის სიხშირე სტაბილური დარჩა გასული 70 წლის განმავლობაში, მაშინ, როცა კანაფის მოხმარების დონე, მთელ მსოფლიოში, ასობით ათასიდან - ასობით მილიონამდე გაიზარდა. თუ კანაფი შიზოფრენიას გამოიწვევდა, შიზოფრენიის შემთხვევებიც გაიზრდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
თუმცა, თუ კანაფს შეუძლია, დააჩქაროს შიზოფრენიის დაწყება დაუცველ ადამიანებში, ეს თავისთავად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა. შიზოფრენიის ადრეულად დაწყება ნიშნავს, რომ პაციენტებს აქვთ ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ზრდის ნაკლები წელი, სანამ ფსიქიკური დაავადება უარყოფითად აისახება ტვინის განვითარებასა და მოზარდებში დაძლევის უნარებზე. ამან შეიძლება, უარესი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის, პარანოია და ბოდვები.
ამ საკითხის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გათვალისწინებით, შიზოფრენიის, ან სხვა ფსიქოზური აშლილობის ანამნეზის მქონე ადამიანებისთვის, გონივრული იქნება, თავი აარიდონ კანაფის მოხმარებას, თუ არ არსებობს დამაჯერებელი სამედიცინო მიზეზი, გამოიყენონ იგი მჭიდრო კლინიკური მეთვალყურეობის ქვეშ. ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ნათესავები ფსიქოზური აშლილობებით, ან სხვა მძიმე ფსიქიკური დაავადებებით, უნდა დაფიქრდნენ და დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ კანაფის გამოყენებამდე.
საინტერესოა, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ CBD, მეორე ყველაზე უხვი კანაბინოიდური მოლეკულა, აქვს რბილი ანტიფსიქოზური აქტივობა. ამრიგად, CBD-ის უფრო მაღალი დონის მქონე კანაფს შეიძლება, ჰქონდეს ფსიქოზის გამოწვევის ნაკლები რისკი, ხოლო კანაფმა THC-ის გარეშე შეიძლება, რეალურად, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს, სხვა ანტიფსიქოზურ მედიკამენტებთან ერთად, სარგებელი მოუტანოს. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია ჯერ არ არეგულირებს CBD პროდუქტებს, ამიტომ, შეუმოწმებელი პროდუქტები შეიძლება, შეიცავდეს უფრო მეტ THC-ს, ვიდრე კანონიერი ლიმიტი, რომელიც 0.3%-ს შეადგენს.
სხვა მრავალ მდგომარეობასთან ერთად, ადამიანები კანაფს იყენებენ ქრონიკული ტკივილის, გულისრევისა და უძილობის შესამსუბუქებლად.
რა თქმა უნდა, არც ერთი წამალი არ არის სრულიად უსაფრთხო ყველასთვის და ყველა მათგანს აქვს პოტენციური გვერდითი მოვლენები. ჩვენ შეგვიძლია, კანაფის მოხმარება უფრო უსაფრთხო გავხადოთ, ხალხის წახალისებით, მოიხმარონ პროდუქტები THC-ის უფრო დაბალი და CBD-ის უფრო მაღალი დონით. ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნის გამოტანა, რომ კანაფი იწვევს ფსიქოზს, მაგრამ ვინც განიხილავს კანაფის გამოყენებას, კარგად უნდა იცოდეს პირადი რისკის ფაქტორები და გამოიჩინოს სათანადო სიფრთხილე.