იტალიის თვალწარმტაც ქალაქ პორტოფინოში ტურისტებისთვის, რომლებიც სელფის გადასაღებად შესაბამის ადგილებში ჩერდებიან, ჯარიმები შემოიღეს. ახლა ფოტოების გადაღების მოყვარულები შეიძლება 275 ევროთი დაჯარიმდნენ.
განკარგულებით, რომელიც ძალაში აპრილის დასაწყისში შევიდა, დაწესდა ორი "წითელი ზონა" იტალიის რივიერაზე, პორტოფინოს დატვირთულ ადგილებში. ადამიანები, რომლებიც "ზედმეტად დიდხანს" გაჩერდებიან ამ ზონებში, იძულებულნი იქნებიან, გადაიხადონ ჯარიმა. ამასთან, ზუსტი დრო, რამდენია "ზედმეტად დიდხანს", უცნობია. წესი იმოქმედებს 15 ოქტომბრამდე ყოველდღე დილიდან 18 საათამდე.
წესი არ ვრცელდება მხოლოდ სელფის გადამღებებზე. ეს არის მთავრობის ძალისხმევის ნაწილი, რათა თავიდან აიცილოს გადატვირთულობა ტურისტულ სეზონზე მეთევზეების ქალაქის დატვირთულ ადგილებში. #portofino ჰეშთეგს 1.2 მილიონზე მეტი პოსტი აქვს Instagram-ზე. პაწაწინა ქალაქს 500-ზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ პორტოფინო ელის ვიზიტორთა "დიდ ნაკადს" უახლოეს თვეებში, მიმდინარე ჯავშნებისა და საკრუიზო გემების განრიგის მიხედვით.
პორტოფინოს მერმა, მატეო ვიაკავამ განაცხადა, რომ განკარგულების მიზანია, ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შედეგად გამოწვეული საშიში სიტუაციების პრევენცია. ის იმედოვნებს, რომ ამით ბოლო მოეღება რეგიონში წარსულში დაფიქსირებულ "ანარქისტულ ქაოსს". მერმა აღნიშნა, რომ ეს წესი არ ითვალისწინებს წვდომის შეზღუდვას მათთვის, ვისაც სურს მოინახულოს და გადაიღოს პორტოფინო.