იტალიაში, ტოსკანის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანიის საწყობიდან 30 000 ბოთლი ღვინო მოიპარეს. თითო ბოთლის ფასი 150-დან 500 ევრომდე მერყეობს. მოპარული ღვინის საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ევროა.
კომპანია Marchesi Antinori, რომელიც იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი საოჯახო ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, აცხადებს, რომ ქურდობა მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია უცხოელი მომხმარებლებისთვის ღვინის გაგზავნისთვის ემზადებოდა. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, შვიდმა ნიღბიანმა პირმა სიგნალიზაცია გამორთო, სათვალთვალო კამერები გათიშა და კომპანიის სატვირთო ამწეები გამოიყენა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რენცო კოტარელამ განაცხადა, რომ იტალიაში მსგავსი მასშტაბის ქურდობა ჯერ არ მომხდარა.
კოტარელა იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები მოპარული ღვინის კვალს მიაგნებენ.
„ორი ღვინით სავსე სატვირთო მანქანა უბრალოდ უკვალოდ ვერ გაქრება. ტოსკანის გზებზე უამრავი კამერაა და, იქნებ მოპარული ბოთლების ნაწილის დაბრუნება მაინც შევძლოთ“, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
Marchesi Antinori 1385 წელს დაარსდა და ღვინო მსოფლიოს 170 ქვეყანაში გააქვს. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 263 მილიონი ევრო შეადგინა.










