უკრაინის სამხედრო შეტევამ კურსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებს საშუალება მისცა ხელთ ეგდოთ ინიციატივა ფრონტის ერთ სექტორზე და განაგრძონ წინააღმდეგობა სამხედრო მოქმედებების მთელს ტერიტორიაზე,– აცხადებენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მკვლევრები.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „2023 წლის ნოემბრიდან რუსეთს ინიციატივის ფლობამ მთელ საბრძოლო არეალში საშუალება მისცა განესაზღვრა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ჩატარების ადგილი, დრო, მასშტაბი და მოთხოვნები და ეიძულებინა უკრაინა, დახარჯა მატერიალური და ადამიანური რესურსები რეაქციულ თავდაცვით ოპერაციებზე.”
მაგრამ, ISW-ის ცნობით, „უკრაინულმა ოპერაციამ კურსკის რეგიონში აიძულა კრემლი და რუსეთის სამხედრო სარდლობა, რეაგირება მოეხდინათ და ძალები და აქტივები გადაესროლათ იმ სექტორში, სადაც უკრაინულმა ჯარებმა შეტევა დაიწყეს“.
”თუმცა, რუსეთის ჯარებს არ ჩაუტარებიათ აქტიური სამხედრო მოქმედებები კურსკის რეგიონში. რუსეთმა გამოიყენა თავისი ინიციატივა უკრაინაზე ზეწოლის მიზნით და ცდილობდა, არ დაეშვა უკრაინული ძალებისა და მასალების თავმოყრა მომავალი კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის, და ამავე დროს, განსაზღვრა ბრძოლის ტემპი, რომელიც საშუალებას მისცემდა რუსეთის ძალებს, განეგრძოთ შეტევითი ოპერაციები“, - ნათქვამია ახალ ანგარიშში.
ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის სამხედრო სარდლობამ „ალბათ არასწორად შეაფასეს, რომ უკრაინას არ აქვს ამ ინიციატივის შეჩერების უნარი. ხოლო უკრაინის შესაძლებლობა, მიაღწიოს ოპერატიულ მოულოდნელობას და ხელთ იგდოს საერთო სამხედრო ინიციატივა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოპერატიულ-სტრატეგიულ ვარაუდებს, რომლებიც საფუძვლად უდევს რუსეთის ამჟამინდელ შეტევით ძალისხმევას უკრაინაში“.
”უკრაინის ოპერაცია კურსკის რეგიონში და უკრაინის შემდგომი შესაძლო ტრანსსასაზღვრო შეჭრა, აიძულებს კრემლს და რუსეთის სამხედრო სარდლობას, გადაწყვიტონ, განიხილონ თუ არა ათასკილომეტრიანი საერთაშორისო საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინასთან როგორც აქტიური ფრონტის ხაზი, რომელიც უნდა დაიცვას რუსეთმა და არა როგორც ფრონტის პასიური ნაწილი, როგორსაც განიხილავდნენ მას 2022 წლის შემოდგომის შემდეგ“, - ამბობს ISW.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „მოსკოვის რეაქციამ შესაძლოა მოსთხოვოს რუსეთის სამხედრო სარდლობას, განიხილოს საზღვრის დაცვის პერსონალისა და ლოგისტიკის მოთხოვნები, როგორც კამპანიის გეგმის ნაწილი მთელს საბრძოლო მოქმედებების ზონაში. შესაბამისად, შესაძლოა დააწესოს გრძელვადიანი შეზღუდვები ოპერაციულ დაგეგმვაზე, რასაც რუსეთი აქამდე არ აწყდებოდა“.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის დამოკიდებულებამ საერთაშორისო საზღვრებისადმი, როგორც „მძინარე ფრონტის“, მას მეტი მოქნილობა მისცა უკრაინაში სამხედრო ოპერაციებისთვის ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგროვებისა და მიზიდვისას“.
”რუსეთმა დახარჯა მნიშვნელოვანი რესურსები საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ფორტიფიკაციების მშენებლობაში, მაგრამ არ გამოყო საკმარისი პერსონალი და აღჭურვილობა ამ სიმაგრეების დასაცავად,” - ასკვნიან ანალიტიკოსები.
11 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლახან მოქმედებდნენ კორენევოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
გარდა ამისა, ISW-ის თანახმად, ასევე 11 აგვისტოს გამოქვეყნებული დამატებითი გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ „უკრაინული ძალები ახლახან წინ წავიდნენ კრემიანეს მახლობლად (კორენევოს აღმოსავლეთით).
რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს უწოდებენ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
10 აგვისტოს ღამეს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ანტიტერორისტული ზომები შემოიღო კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის რაიონებში.
დაძაბულობის მატებასთან ერთად, 11 აგვისტოს რუსეთის მოკავშირე ბელარუსმა განაცხადა, რომ მან დაიწყო ტანკების გადასროლა უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიაზე.