ისრაელმა სამი საათით გახსნა დერეფანი ღაზას მოსახლეობის ევაკუაციისთვის. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩრდილოეთი ღაზას ნაწილში, უნდა დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ სამხრეთით ადგილობრივი დროით 10 საათიდან 13 საათამდე.

ამასთან, მათ უნდა აირჩიონ ერთი მარშრუტი - ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით.

ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას.

15 ოქტომბერს, გამთენიისას ისრაელის არმიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზას სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში ევაკუირებისკენ.

ისრაელის არმიის პრესსპიკერი ჯონათან კონრიკუსი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.