ისრაელის პრესა ავსტრალიაში, სიდნეის ბონდის პლაჟზე ებრაული დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილი ებრაული თემის წარმომადგენლებზე თავდასხმით უკიდურესად აღშფოთებული ისრაელის მაღალი თანამდებობის პირთა მომხდარზე რეაქციის შესახებ წერს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა, განაცხადა, რომ ავსტრალია გააფრთხილეს ებრაელების წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმების შესახებ, ხოლო სიდნეის ბონდის პლაჟზე დღეს მომხდარი სროლის გამო უკიდურესად შეძრწუნებულმა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებმა კანბერა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არასაკმარის ძალისხმევაში  დაადანაშაულეს.

„შეძრწუნებული ვარ ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ხანუკის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმით“, - დაწერა საარმა ინგლისურად X-ზე. „ეს არის ბოლო ორი წლის განმავლობაში ავსტრალიის ქუჩებში ანტისემიტური არეულობის, „ინტიფადის გლობალიზაციის“ ანტისემიტური და პროვოკაციული მოწოდებების შედეგი, რომლებიც ახლა უკვე ახდა. ავსტრალიის მთავრობა, უამრავი გამაფრთხილებელი სიგნალის მიღების შემდეგ, გონს უნდა მოეგოს“.

ბონდის სანაპიროზე ხანუკის წვეულებაზე სროლის მსხვერპლთა სიკვდილი ავსტრალიის მთავრობის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილების ბრალია, - განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა.

ანტისემიტურ ტერორიზმს საზღვარი არ აქვს, მაგრამ დაღუპულთა სისხლით ავსტრალიის მთავრობის ხელებია გასვრილი. ავსტრალიამ აღიარა „პალესტინის“ სახელმწიფო და ამით ებრაელების წინააღმდეგ ტერორიზმის ლეგიტიმაცია მოახდინა, - განაცხადა ულტრამემარჯვენე მინისტრმა.

ავსტრალია იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელმაც სექტემბერში გამოაცხადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება.