ისლანდიელი გეოფიზიკოსი მაგნუს ტუმი გუდმუნდსონი ამბობს, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მოვლენების თანმიმდევრობის შენელების მიუხედავად, ვულკანური ამოფრქვევის ალბათობა არ შემცირებულა, - წერს ისლანდიური პორტალი Morgonbladur-ი.
ისლანდიური პრესის ინფორმაციით, დღეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარე რეიკიანესტადან 6 კილომეტრში სამხრეთისკენ, დაფიქსირდა მიწისძვრა 3.7 მაგნიტუდით, სულ შუაღამის 00:00 საათიდან კი ისლანდიაში მოხდა 1000-მდე მიწისძვრა მაგნიტუდით 3-მდე.
კრიზისული საბჭოს დილის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ევაკუირებულ ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის თითოეული ოჯახიდან ერთ ადამიანს, უპატრონოდ დარჩენილი შინაური ცხოველების და დატოვებული მნიშვნელოვანი ნივთების წამოსაღებად ქალაქში დაბრუნების და სახლში 5 წუთით შესვლის ნებას დართავენ.
კრიზისული საბჭოს წევრების მოსაზრებით, მიზანშეწონილია ამ ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყება, რადგან კვლავ დიდია გაურკვევლობა მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით
მიწისძვრამ სამხრეთით, ზღვაში გადაინაცვლა, ეს კი ზრდის რისკს, რომ მომავალი ამოფრქვევა ფეთქებადი იყოს (არსებული შეფასებით მაგმა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა 15 კილომეტრამდე სიმაღლის ფერფლის ღრუბლის წარმოქმნა, - განაცხადა პრესასთან საუბარში სეისმოლოგმა ბიორნ ლუნდმა.