აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა. თეთრი სახლის ლიდერმა, რომელიც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, მსგავსი დაავადების წინაშე აღმოჩენილიყო და დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას ვითარებასთან გამკლავებაში დაეხმარება.
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ამის შესახებ ახლახან შევიტყვეთ და ისინი ამას პნევმონიას უწოდებენ. ადრე პნევმონიის მკურნალობა უფრო მარტივი იყო, მაგრამ მიკრობები და ბაქტერიები არაპროპორციულად გაძლიერდნენ. თუმცა ჩვენ მათ დავეხმარებით", - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად იმის შესახებ, მოახდენს თუ არა რეაგირებას თეთრი სახლი რუსეთიდან გავრცელებულ შესაბამის ცნობებზე.
სხვა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან არ უსაუბრია და კვლავ გაიმეორა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს "ნებისმიერს, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება".
ცნობები ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ადგილობრივი მცხოვრების, დარია შიპილოვას მოულოდნელ გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში მუშაობდა. 28 წლის გოგონა საავადმყოფოში სექტემბრის ბოლოს მოხვდა და 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. "როსპოტრებნადზორმა" მისი გარდაცვალების მიზეზად "დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია" დაასახელა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შემდეგ ირკუტსკის ოლქში 200-მდე ადამიანი კარანტინში მოათავსეს. თუმცა, რეგიონში პნევმონიის დადასტურებული მეორადი შემთხვევების შესახებ ცნობები არ ყოფილა. ქალაქ შელეხოვის ადმინისტრაციამ, რომლის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც შიპილოვა გარდაიცვალა, 3 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა მოწოდება ქალაქში გამგზავრებისგან თავის შეკავების შესახებ, თუმცა მალევე ეს პოსტი წაიშალა.
ხელისუფლების დუმილმა საზოგადოებაში შფოთვა გამოიწვია და ხელი შეუწყო ჭორების გავრცელებას - მათ შორის, იმ ვერსიისა, რომლის თანახმადაც ინსტიტუტის ლაბორატორიაში შავი ჭირით სავსე სინჯარა გატყდა. 5 ოქტომბერს მედიასაშუალებები დაინტერესდნენ ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვისგან, ადევნებენ თუ არა თვალს მოსკოვში ირკუტსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს. პესკოვმა "როსპოტრებნადზორს" კომპეტენტური უწყება უწოდა და მოუწოდა საზოგადოებას, მის განცხადებებზე ორიენტირდნენ, ინციდენტის განხილვისგან კი თავი შეიკავა.




