ისრაელის საგარეო სამინისტროს ცნობით, ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოროკას საავადმყოფოს დაეცა. 

ოფიციალური პირების თქმით, ირანის იერიშის შედეგად საავადმყოფო "ძლიერ დაზიანდა". 

ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე საავადმყოფოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძლიერი დაზიანება სხვადასხვა ადგილზე შეინიშნება და შედეგად დაშავებული ადამიანებიც არიან. 

საავადმყოფოზე დარტყმას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ იგი ირანს იერიშისთვის "ფასს სრულად გადაახდევინებს". 

"დღეს დილით ირანის ტერორისტმა ტირანებმა რაკეტები გაუშვეს ბეერ-შევაში სოროკას საავადმყოფოს მიმართულებით და ქვეყნის ცენტრში მცხოვრები მოსახლეობისკენ. ჩვენ სრულ საფასურს გადავახდევინებთ თეირანელ ტირანებს". - დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე.

ამასთანავე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შარენ ხასკელმა საავადმყოფოზე ირანის დარტყმას "მიზანმიმართული" და "დანაშაულებრივი" უწოდა.