თეირანს არ სწამს შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის და აპირებს იმოქმედოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შესახებ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ირანმა „სამხედრო პასუხი“ უნდა გასცეს აშშ-ის მიერ ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას, - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, მეჰდი მოჰამადიმ.
„ტრამპის გადაწყვეტილება ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შესახებ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. წაგებული მხარე ვერ განსაზღვრავს პირობებს. საზღვაო ბლოკადის გაგრძელება არაფრით განსხვავდება დარტყმებისგან და მასზე სამხედრო პასუხი აუცილებელია. გარდა ამისა, აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება დროის მოსაგებად სჭირდება“, - დაწერა მოჰამადიმ X-ზე.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანი არ აპირებს ცნოს აშშ-ს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება და იმოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
„თეირანი არ ცნობს ტრამპის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, აქვს სრული უფლება არ დაიცვას იგი და იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტაჟში.




