ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ, სულ მცირე, 6 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.