Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო პოზიციებზე დარტყმების შესახებ განაცხადა.  

ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ დარტყმები რამდენიმე საათით ადრე განხორციელებული აშშ-ის თავდასხმის საპასუხოდ იყო.

„თუ აგრესია განმეორდება, ჩვენი პასუხი უფრო ფართომასშტაბიანი იქნება“, - ნათქვამია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ შეტყობინებაში.

შეერთებულ შტატებზე თავდასხმამდე მოვლენების განვითარების ქრონიკა ასეთი იყო:

პარასკევს საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social- ზე განაცხადა, რომ ირანმა სულ მცირე ოთხი კამიკაძე დრონი გაუშვა ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემების მიმართულებით. ერთი დრონი „დიდი და ძალიან ძვირად ღირებული“ სატვირთო გემის ზედა გემბანს შეეჯახა, დააზიანა იგი, მაგრამ განაგრძო გზა. კიდევ სამი დრონი ჩამოაგდეს ამერიკულმა ძალებმა.

„ეს აშკარად ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სულელური დარღვევაა“, - დაწერა ტრამპმა.

მოგვიანებით, დაახლოებით 23:00 საათისთვის თბილისის დროით, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემზე დარტყმის საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.

„აშშ-ის თვითმფრინავებმა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ადგილებზე, ასევე სანაპირო რადარებზე დარტყმა განახორციელეს, M/V Ever Lovely-ზე ირანის თავდასხმის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანმა მოიგერია საპორტო ქალაქ სირიკთან თავდასხმა. ამასთან, გუშაგთა კორპუსი დაიმუქრა, რომ თავდასხმაზე
„პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, ჩვენს მიერ არჩეულ დროსა და ადგილას“.