გულახდილად რომ ვთქვა, ომი ძალიან მოახლოებულია, თუმცა ჩვენ ადრინდელზე უფრო მეტად ვართ მზად ომისთვის, უფრო კონსოლიდირებული და უფრო მომზადებული, — ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, ალი მოუჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირანის ელჩის თქმით, დასავლეთ აზიაში უსაფრთხოების ნებისმიერი არქიტექტურა თეირანის გარეშე წარმოუდგენელია და ეს ყველა სახელმწიფომ ნათლად დაინახა თუნდაც მსოფლიოში პირველ ძალად აღიარებულ სამხედრო არმიასთან წინააღმდეგობის დროს.
„ამერიკამ 40 დღის შემდეგ როდესაც დასრულებულად გამოაცხადა ეს ომი, ჩვენ მაინც ვაგრძელებდით წინააღმდეგობას და იორდანიის სამხედრო ბაზიდან ამერიკულ ბომბდამშენებს და ავიაგამანადგურებლებს აფრენის საშუალებასაც არ ვაძლევდით, იქვე ვახდენდით მათზე თავდასხმას“, — განაცხადა ალი მოუჯანიმ.
ირანელი დიპლომატის განცხადებით, აშშ-ის და ისრაელის ირანზე თავდასხმა, შესაძლოა, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდეც მოხდეს.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც უახლოეს დღეებში დაიწყოს ომი. ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ახლახან განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში ეს ომი უფრო ხანგრძლივი იქნება. ჩვენ ისრაელს და ამერიკას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ომის დაწყების შემდეგ ომის დასრულების თარიღი მათ განსაზღვრონ. ჩვენ ეს გზავნილი ძალიან ღიად გავაჟღერეთ და ყველას ავუხსენით, რომ ომი დასრულდება იმ დროს, როდესაც ამას უკვე ირანი მოისურვებს“, - განაცხადა ირანის ელჩმა.
კითხვაზე, — „ახალი ომის შემთხვევაში, ომის გეოგრაფიის გაფართოების მოლოდინში, ეს აღქმული უნდა იქნეს თუ არა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარად?“ — ირანელმა დიპლომატმა უპასუხა: „ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ომის განახლების შემთხვევაში, ბუნებრივია, ის უფრო მასშტაბური იქნება და შეიძლება, გეოგრაფიაც იყოს გაზრდილი. ნებისმიერი რეგიონი, საიდანაც ჩვენ ვიგრძნობთ საფრთხეს, შესაბამისად, შესაძლოა, გახდეს ჩვენი სამიზნე. ირანსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მოლაპარაკების დროს, თუნდაც ერევანში ბოლო დროს გამართულ შეხვედრაზე, ასევე, ირანის სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შეხვედრებზე ყოველთვის ითქვა, რომ ეს ქვეყნები არ ჩაერთვებიან ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომებში, რასაც მივესალმებით. გაერო-ს ქარტიის თანახმად, ჩვენ გვაქვს სრული და ლეგიტიმური უფლება, ჩვენი სამიზნე გახდეს ყველა ის სამხედრო ობიექტი თუ ლოგისტიკური ცენტრი, საიდანაც ირანს საფრთხე დაემუქრება. ჩვენ ეს გზავნილი მივიტანეთ ყველა მეზობელ ქვეყნამდე და ყველა ქვეყნამდე, რომელიც მოქცეულია ჩვენი რაკეტების მოქმედების რადიუსში“, — განაცხადა ალი მოუჯანიმ.




