ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ აბსოლუტურად არანაირი ქმედება არ განუხორციელებია არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ, - ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში, რომელიც ნახევრად ოფიციალურმა Fars News Agency ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მომენტიდან ამ დრომდე არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არანაირი ქმედება არ განუხორციელებია“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომ დრონმა ქუვეითის ეროვნული გვარდიის ობიექტი დააზიანა, ხაზგასმულია, რომ „თუ ეს მედია ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ ეს უდავოდ სიონისტი მტრის ან ამერიკის ნამოქმედარია“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები რომელიმე სამიზნეს დაარტყამენ, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სრული გამბედაობით იქნება გავრცელებული.




