გერმანია უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას დამატებით 50 მილიონი ევროთი გაზრდის, ხოლო ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის (CAP) ფონდში დამატებით 10 მილიონ ევროს შეიტანს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.
ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფილი 50 მილიონ ევრო, ვადეპულის განცხადებით, გადაეცემა გაერო-ს ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კიევში და, განსაკუთრებით, ფრონტისპირა რაიონებში მყოფ ადამიანებს დახმარებას უწევენ.
მისივე თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ზამთარი კვლავ იარაღად გამოიყენოს. როგორც ვადეპულმა აღნიშნა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამატებით გენერატორებსაც მიაწვდის.
„გარდა ამისა, ჩვენ კვლავ შეგვაქვს 10 მილიონი ევრო ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის (CAP) ფონდში. მისი მეშვეობით ჩვენ, სხვა საკითხებთან ერთად, მხარს ვუჭერთ უკრაინელი სამხედროებისთვის დეცენტრალიზებულ ენერგომომარაგებას, უზრუნველვყოფთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო აღჭურვილობას სამხედრო ჰოსპიტალებისთვის და ვაფინანსებთ დრონების წინააღმდეგ ბრძოლის უკიდურესად საჭირო სისტემებს“, – აღნიშნა ვადეპულმა.




