გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბერლინმა ფაქტობრივად ამოწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტების საკუთარი მარაგი და აღარ შეუძლია მათი უკრაინისთვის პირდაპირ საკუთარი საწყობებიდან მიწოდება.

"ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი აღარ გვაქვს. დარჩენილი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემებისთვის, ამერიკული წარმოებისაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც საწარმოო ობიექტებიდან გამოდის, ახლა პირდაპირ უკრაინაში მიდის. ეს ხდება მექანიზმის მეშვეობით, რომელსაც ძირითადად ევროპელები, პირველ რიგში გერმანია აფინანსებს", - განაცხადა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი ამ სიტუაციაში დამნაშავე არ არის, რადგან ქვეყანამ ყველაფერი გასცა, რაც ჰქონდა და კიევის დახმარების ლომის წილის დაფინანსებას აგრძელებს.

"ჩვენ ყველაფერი მივაწოდეთ, რაც გვქონდა", - თქვა ვადეფულმა.