ამის შესახებ ილია თოფურიამ ესპანურ ტელეარხ ANTENNA 3-ის ეთერში, გადაცემა El Hormiguero-ს წამყვან პაბლო მოტოსს განუცხადა.
გული მატკინა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი ქვეყნის მეთაურისგან მილოცვა არ მიმიღია, თუმცა „მე წყენა გულში არ დამიტოვებია", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სამშაბათს ილია თოფურიას შეხვდება და მას პირადად მიულოცავს ჩემპიონის ქამრის მოპოვებას.
ამის შესახებ პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაცემა El Hormiguero-ში ილია თოფურიამ დაადასტურა.
გადაცემის წამყვანმა პაბლო მოტოსმა გაიხსენა მასთან ადრე სტუმრობის დროს ნათქვამი სიტყვები იმის შესახებ, რომ მისი ოცნება ჩემპიონის ქამრის მოპოვებაა და ჰკითხა: „ახლა რა არის თქვენი ოცნება?"
თოფურიამ, რომელიც უკვე 15 წელია რაც ალიკანტეში ცხოვრობს, მიუგო:
„ჩემი ოცნება - ესპანური პირადობის მოწმობაა. ხვალ ვაპირებ პირადად ვკითხო მთავრობის მეთაურს, შეუძლია თუ არა მას დამეხმაროს".
ესპანური გამოცემა Relevo წერს, რომ ეს თხოვნა სისტემატურად ჟღერს მებრძოლის ყველა საჯარო განცხადებაში ესპანეთში დაბრუნების შემდეგ.
სიმართლე ის არის, რომ თოფურიას უკვე შეეძლო მიეღო ესპანეთის მოქალაქეობა, რადგან ის ქვეყანაში უკვე 15 წელია ცხოვრობს, მაგრამ ესპანელი რომ გახდეს, მას მოუწევს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, - განმარტავს Relevo.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ესპანეთს კი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რამდენიმე ქვეყანასთან (ძირითადად, ესპანურენოვან ქვეყნებთან) აქვს გაფორმებული ხელშეკრულება.