იაპონიის სამხრეთ ნაწილში, კიუსიუს კუნძულზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის გამო, ქვეყნის რამდენიმე პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ცუნამის საშიშროების შესახებ განგაში ჩაირთო.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, ეპიცენტრი კუმამოტოს პრეფექტურის სანაპიროსთან, ზღვის ფსკერიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ძლიერმა ბიძგებმა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შეფერხება გამოიწვია.
სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სანაპირო ზოლში (არიაკესა და იაცუშიროს ზღვების აკვატორია) 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღების წარმოქმნის საშიშროება გამოცხადდა.
გაფრთხილება ამოქმედდა კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაძაკის პრეფექტურებში.
უსაფრთხოების მიზნით, რეგიონში დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების (Shinkansen) მოძრაობა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 40,000-მდე საყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
მარეგულირებელი ორგანოს და ელექტროკომპანიის განცხადებით, რეგიონში მდებარე ატომურ ელექტროსადგურებზე (სენდაისა და გენკაის სადგურები) რაიმე სახის დაზიანება ან ანომალია არ დაფიქსირებულა.
პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან მიახლოებისგან და დაემორჩილონ ევაკუაციისა და უსაფრთხოების ოფიციალურ მითითებებს.
ამ ეტაპზე მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მაშველები და საგანგებო სამსახურები აგრძელებენ სანაპირო ზოლისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ზონაა, რომელიც წყნარი ოკეანის "ცეცხლოვან რკალზე" მდებარეობს. კუმამოტოს რეგიონში ბოლოს დამანგრეველი მიწისძვრა 2016 წელს მოხდა, რამაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უდიდესი ზარალი გამოიწვია.




