აშშ-სა და ირანს შორის შაბათ-კვირას გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს ჰორმუზის სრუტისა და ირანის პორტების ბლოკადით დაიმუქრა. შედეგად, ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა.

ომის დასაწყისში ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის 120 დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ გასულ კვირას იმ იმედით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გარკვეულ სტაბილურობას მოიტანდა, 100 დოლარს ჩამოსცდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ორშაბათის 10:00 საათიდან აღმოსავლეთის დროით, შეერთებული შტატები ირანის ნავთობის შემოსავლების შემცირების მიზნით, ირანის პორტებში, ასევე ჰორმუზის სრუტეში შემავალ და გამომავალ ყველა გემს დაბლოკავდა.

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა თბილისის დროით 15:15 საათისთვის ანუ სავარაუდო ბლოკადის დაწყებამდე დაახლოებით 4 საათით ადრე ბარელზე 102 დოლარს დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის ნავთობის ფასმა 104 დოლარს.

ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტის დაახლოებით მეხუთედი ჰორმუზის სრუტის გავლით ხორციელდება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტად და, შესაძლოა, ირანის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბერკეტად აქცევს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტში.