დიდი ბრიტანეთის საზღვაო ოპერაციების ცენტრის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში იერიში მიიტანეს ორ სატვირთო გემზე.

პირველი ცნობის მიხედვით, გემი დაზიანდა ომანის ჩრდილოეთით. ხომალდზე გაჩნდა ხანძარი და ეკიპაჟმა ევაკუაციაში დახმარება მოითხოვა. მორიგი ცნობის მიხედვით, სავაჭრო ხომალდი იერიშის შედეგად დაზიანდა არაბთა გაერთიანებული საამიროების, დუბაის ჩრდილო-დასავლეთით. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. არ გავრცელებულა ცნობები სერიოზული დაზიანების შესახებ.

ცნობებში არაა დასახელებული ვისი ან საიდან ნასროლი ობიექტი დაეცა ხომალდებს და აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, გემებზე იერიშები ირანულმა დრონებმა მიიტანა.