"ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის ქალი იოჩევედ ლიფშიცი ამბობს, რომ "ჯოჯოხეთი გაიარა" ღაზაში. იგი ტყვედ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. ქალი ორშაბათს ღამით გათავისუფლდა და თელ-ავივში, კლინიკაში გადაიყვანეს.
"მოტოციკლით მომიტაცეს, როცა ისინი ღაზასკენ მიდიოდნენ" - თქვა ქალმა, რომელიც ჟურნალისტებს ებრაულად ესაუბრებოდა, მის მონათხრობს კი შვილი თარგმნიდა. შვილმა ახსნა როგორ ედო ქალს თავი მოტოციკლის ერთ მხარეს, ხოლო ფეხები მეორე მხარეს ეკიდა. ქალმა თქვა, რომ სისხლჩაქცევები გაუჩნდა.
მისივე თქმით, გამტაცებლებმა ჯოხი დაარტყეს, სხვა პირებთან ერთად გადაიყვანეს მიწის ქვეშ, რამდენიმე კილომეტრი იარეს სველ მიწაზე
"ქვემოთ არის გვირაბების უზარმაზარი, უზარმაზარი ქსელი. ობობის ქსელს ჰგავს", – იხსენებს იოჩევედ ლიფშიცი.
როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად 25 სხვა ადამიანთან ერთად იყო ჯგუფში, შემდეგ გამტაცებლებმა იგი უფრო მცირე ჯგუფში მოათავსეს 5 სხვა პირთან გატაცებულთან ერთად.
"როდესაც იქ მივედით, ხალხმა გვითხრა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ყურანის და ისინი ზიანს არ მოგაყენებენ. [...] იყვნენ მცველები, პარამედიკოსი და ექიმი, რომლებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვექნებოდა წამალი, რაც ჩვენ გვჭირდებოდა", - განაცხადა ქალმა.
ლიფშიცმა თქვა, რომ მათ ლეიბებზე ეძინათ. მისი თქმით, იკვებებოდნენ თეთრი ყველითა და კიტრით – იგივე საკვებით, რაც დამტყვევებლებს ჰქონდათ.