პალესტინური რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი" მზადაა, გაათავისუფლოს ყველა მძევალი სამოქალაქო პირებიდან, თუ ისრაელი შეაჩერებს საჰაერო დარტყმებს ღაზას სექტორზე, განუცხადა NBC-ს მოძრაობის მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია მძევლების ერთ საათში გათავისუფლება. ამავდროულად, დატყვევებული ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ, "ჰამასი" ითხოვს ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელის გათავისუფლებას, – აღნიშნა ჯგუფის წარმომადგენელმა. მან განმარტა, რომ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა უკვე იციან ამ პირობების შესახებ - მათ ის გადასცეს არაბული ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ინარჩუნებენ კონტაქტებს მებრძოლებთან.

ტელეარხის i24News-ის ცნობით, "ჰამასს" სულ მცირე 199 მძევალი ჰყავს. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) მძევლების რაოდენობა 155 ადამიანად შეაფასეს. "ჰამასის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ჰყავთ დაახლოებით 130 ტყვე ჰყავთ. მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. ეს ადამიანები "ჰამასმა" ისრაელის ტერიტორიიდან გაიტაცა 7 ოქტომბრის მასშტაბური შეტევის დროს.

მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს "ჰამასთან" ცალ-ცალკე აწარმოებენ შეერთებული შტატები და კატარი, წერს Financial Times. "ჰამასი", როგორც ჩანს, მზადაა გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები, მაგრამ ამბობს, რომ ამას ვერ გააკეთებს სანამ დაბომბვა გრძელდება", - თქვა წყარომ.