თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ანტიისლამური პროვოკაცია, რასაც ადგილი ჰქონდა ჰააგაში და რა დროსაც ულტრამემარჯვენე რადიკალმა საჯაროდ დახია მუსლიმებისთვის წმინდა წიგნის - ყურანის ფურცლები.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რელიგიური სიძულვილის გამომხატველი საზიზღარი დანაშაული შვედეთში მომხდარი მსგავსი დანაშაულის ჩადენიდან მალევე მოხდა.
„ეს ყველაფერი ღიად ადასტურებს, რომ ისლამოფობიის, ქსენოფობიის და სეპარატიზმის გამოვლინებებს თანამედროვე ევროპაში საზღვარი არ აქვს. მუსლიმებზე თავდასხმები მიმართულია არა მხოლოდ ისლამის წინააღმდეგ, არამედ მთელი კაცობრიობის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, თითოეული ადამიანის შემწყნარებლობისა და მორალური ღირებულებების წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები დარტყმას აყენებს მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ანკარაში ნიდერლანდების ელჩი დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მწვავე პროტესტი განუცხადეს და ნიდერლანდებში მსგავსი პროვოკაციების აღკვეთა მოითხოვეს.