გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ახალი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მალე დასრულების პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობს. "ოთხ წელზე მეტხანს გაგრძელებული ომის შემდეგ ოპტიმიზმის შენარჩუნება რთულია", — თქვა მან მანილაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის ფარგლებში.
გუტერეშმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდა, რაც სამშვიდობო პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით.
გასულ კვირას აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთსა და უკრაინას შორის, მხარეები პრინციპულად შეთანხმდნენ ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე. ამასთან, საკვანძო სადავო საკითხებზე გარღვევის მიღწევა ვერ მოხერხდა.
კონკრეტული შეთანხმებები არც გასული კვირის შუა რიცხვებში მოსკოვში ამერიკელი მომლაპარაკებლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მოჰყოლია. მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ახალი მასირებული ორმხრივი დარტყმებისა და რამდენიმე დაღუპულის შესახებ.




