გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს (BND), კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებასა (BfV) და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს (MAD) ამერიკული ტექნოლოგიური კონცერნის, Google-ის ბაზაზე შექმნილი ND-Cloud-ის ღრუბლოვანი სისტემის გამოყენება სურთ, რათა ელექტრონულად გაცვალონ ინფორმაცია. ეს ტელეარხების, NDR-ისა და WDR-ის გამოძიებიდან ირკვევა.

პერსპექტივაში, სისტემაში ცალკეული ფედერალური მიწების კონსტიტუციის დაცვის ორგანოების ჩართვაც იგეგმება. საცავი Google Distributed Cloud-ის (GDC) პროდუქტზე იქნება დაფუძნებული, რომელიც ინტერნეტისგან სრულად იზოლირებული (air-gapped) იქნება.

მონაცემები გერმანიაში შეინახება და Google-ს მათზე წვდომა არ ექნება, - ამტკიცებენ ჟურნალისტები.

სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება უკვე 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმებოდა, თუმცა ვადები ინაცვლებს. NDR-ისა და WDR-ის ინფორმაციით, ND-Cloud-ის რამდენიმე კომპონენტი ამჟამად ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურ უწყებაში (BSI) სერტიფიცირების პროცედურას კვლავ გადის.

საბიუჯეტო სახსრები მხოლოდ შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ გამოიყოფა. ინსაიდერების შეფასებით, პროექტის ღირებულება, სულ მცირე, 500 მილიონ ევროს შეადგენს.