გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად სპეციალური დამცავი მექანიზმის – თავდაცვითი "ფარის" (Schutzschild) შექმნას გეგმავს.
როგორც გერმანული მედია უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, ინიციატივის მთავარი მიზანი რუსეთის მხრიდან მომდინარე დივერსიული საფრთხეების, კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ რეაგირების გაძლიერებაა.
გეგმა ითვალისწინებს ტრანსპორტის, ენერგეტიკული ქსელებისა და კომუნიკაციების სფეროებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას.
პროექტი მიზნად ისახავს ფედერალური და მხარეთა სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სპეცსამსახურების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
ბერლინში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურებული საეჭვო ინციდენტები და დივერსიული მცდელობები სასწრაფო, კომპლექსური რეაგირების საჭიროებას ქმნის.
ახალი დამცავი მექანიზმის დეტალური კონცეფცია უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება, რის შემდეგაც მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყება.




