ბერლინში მცხოვრებ 68 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა უამრავი ქალისთვის სხვადასხვა ნივთიერების ფარულად მიცემაში (გაბრუების მიზნით), მათ გაუპატიურებასა და ამ ძალადობის ფარულად გადაღებაში. სავარაუდო მსხვერპლებმა მომხდარი ძალადობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გამომძიებლებმა მათ ვიდეოჩანაწერების არსებობის შესახებ აცნობეს.
გამოძიება ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე 30 000-იანი მუნიციპალიტეტის, ვერდენ ან დერ ალერის პოლიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
ადგილობრივი სამართალდამცველები 2025 წლის დასაწყისიდან მუშაობდნენ მსგავს დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირზე, რომელიც ამასობაში გარდაიცვალა. სწორედ ამ უკანასკნელის ციფრული აქტივობის ანალიზის შედეგად მიაგნო პოლიციამ 60 წელს გადაცილებულ ბერლინელ ეჭვმიტანილს.
ათეულობით პოტენციური მსხვერპლი
2025 წლის მარტში, ეჭვმიტანილის ბინაში ჩატარებული პირველი ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს, ხოლო 2026 წლის თებერვალში განხორციელებული მეორე ოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს ათეულობით ვიდეო, რომლებზეც სექსუალური ძალადობის ფაქტები იყო აღბეჭდილი. ეჭვმიტანილი, საბოლოოდ, 2026 წლის მარტში დააკავეს.
ბერლინის პროკურატურამ სულ 58 სავარაუდო მსხვერპლი გამოავლინა. ამ დროისთვის, საბრალდებო დასკვნა მოიცავს 14 ქალის მიმართ ჩადენილ 22 გაუპატიურებასა და სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტს. აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ვიდეოებზე აღბეჭდილი კიდევ 10 მსხვერპლის ვინაობის დასადგენად, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 30 შეჩერებულ საქმეზე ფაქტების კვალიფიკაციისთვის.
ხელახლა დაწყებული დებატები ხანდაზმულობის ვადაზე
ეჭვმიტანილი კონკრეტული მეთოდით მოქმედებდა: ის მსხვერპლებს ალკოჰოლურ სასმელებში ძლიერ საძილე საშუალებებს უზავებდა გონების დაკარგვის მიზნით.
თუმცა, გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის წესების გამო, პროკურატურას მოუწია საქმის წარმოების შეწყვეტა 2010-დან 2014 წლამდე პერიოდში ერთი და იმავე ქალის მიმართ ჩადენილ 36 სხვა სავარაუდო გაუპატიურების ეპიზოდზე, ვინაიდან ვერ დამტკიცდა, რომ ნივთიერებების ფარულად მიცემა იურიდიული გაგებით ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენდა. ეს ფაქტი ხანდაზმულობის ვადას 20 წლამდე გაზრდიდა, მაგრამ ამ ფაქტებს 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხო და საქმე დაიხურა.
ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში კვლავ გაამწვავა დისკუსია უგონო მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის საქმეებზე ხანდაზმულობის ვადის შესახებ.
ეს თემა გერმანიაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის ნოემბერში კლაუდია ვუტკეს საქმე დაიხურა.
საფრანგეთში კი ეს შემთხვევა ასოცირდება დომინიკ პელიკოს გახმაურებულ საქმესთან, რომლის ყოფილი მეუღლე, ჟიზელ პელიკო ქიმიური ნივთიერებებით გაბრუებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო სიმბოლოდ იქცა.




