ამის შესახებ ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, Forsal-ის и Dziennik Gazeta Prawna-ის მიმომხილველი ზბიგნევ ბარტუსი წერს.
პოლონეთში რეკორდული ტემპით იზრდება მუდმივი მოვლის საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობა. ეს მოიცავს დიდ ნაწილს 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისას, რომელთა რაოდენობაც ორ ათწლეულში გაორმაგდა და 1.6 მილიონზე მეტია. ცენტრალური სტატისტიკური სამსახური ვარაუდობს, რომ 80 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 7 წელიწადში 2.2 მილიონს გადააჭარბებს, 2050 წელს კი 3,5 მილიონი გახდება.
ამასთან, გასულ წელს 2 წლამდე ბავშვების რაოდენობა 1 მილიონს დაეცა. პოლონური საზოგადოება ევროკავშირში ყველაზე სწრაფად ბერდება და მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გრძელვადიანი მოვლის სერვისების დაფინანსების სისტემა. პოლონელები მათ მასობრივად აწვდიან გერმანიას, სადაც დამხმარე სისტემა უკვე წლებია ფუნქციონირებს, - წერს ზბიგნევ ბარტუსი Forsal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
დასავლური სტანდარტების მიხედვით, როგორც ხანდაზმულობის, ასევე სხვადასხვაგვარ ავადმყოფთა მოვლის სექტორის რეალური საჭიროებები შეადგენს მინიმუმ 250 ათას ადამიანს ანუ იმდენს, რამდენი პოლონელიც გერმანიაში მუშაობს მომვლელად. იმ პოლონური ოჯახების მოთხოვნილებებს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ მომვლელზე, სულ უფრო მეტად აკმაყოფილებენ ძიძები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ძირითადად უკრაინელები, თითქმის ყველა ძიძა არალეგალურადაა დასაქმებული, რადგან მოქმედი კანონის მიხედვით, მინიმალური ხელფასი 4200 ზლოტია (აქედან დასაქმებული ხელზე იღებს 2700 ზლოტს) ანუ იმდენი, რამდენიც საშუალო პენსია.
გერმანიაში პოლონელი ქალების გადინებას და მომვლელებად დასაქმებას იქ არსებული ბევრად უფრო გამართული სისტემა და ანაზღაურების დონე განაპირობებს. გერმანიაში დაახლოებით 3,5 მილიონი ხანდაზმული ადამიანი იღებს შემწეობას მოვლაზე, მათგან დაახლოებით 500 ათასი საჭიროებს სახლში მომვლელის მუდმივად ყოფნას და იმის გამო, რომ არცერთი ძიძა არ მუშაობს მუდმივად წელიწადში 365 დღე, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის დაახლოებით 750 ათასი კაცია საჭირო.
ამჟამად, გერმანიაში პოლონეთიდან ლეგალურად დაქირავებული ძიძების რაოდენობა დაახლოებით 50 ათასია, დაახლოებით 200 ათასი კი არალეგალურად მუშაობს. არალეგალურად მუშაობა მიმზიდველია იმ გარემოების გამო, რომ ლეგალურად დასაქმებული 1500 ევროს იღებს, არალეგალურად დასაქმებულს კი სულ უფრო ხშირად სთავაზობენ 1700 ევროს. ორივე შემთხვევაში კვების ხარჯი დამქირავებლის მიერ ანაზღაურდება.
გერმანიის საგადასახადო სამსახურები მზად არიან მოინახულონ საწარმოები, მაგრამ, როგორც წესი, ისინი არ სტუმრობენ კერძო სახლებს და არ ამოწმებენ ძიძების და ექთნების აყვანის კანონიერებას, - წერს პორტალი.
მომვლელებად მხოლოდ გერმანიაში მეოთხედი მილიონი პოლონელი ქალი (პოლონელი მამაკაცები მომვლელების როლში იშვიათად არიან) მუშაობს. გარდა გერმანიისა პოლონელები მომვლელებად, ძირითადად, მოხუცების, მუშაობენ ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, იტალიაში და საფრანგეთში. პოლონური სახლში მოვლის ასოციაციის (PSOD) მონაცემებით, პოლონეთის ფარგლებს გარეთ, დაახლოებით 75,000-80,000 ადამიანი მუშაობს ლეგალურად, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც არალეგალურად მუშაობს, 350,000-იდან 400,000-მდეა.