გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დააკავეს 49 წლის კაცი, რომელიც ანგელა მერკელისა და ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდა.

გამოცემის ცნობით, მარტინ ს.-ს ყოფილი კანცლერების გარდა, მსხვერპლთა სიაში 20-ზე მეტი გერმანელი პოლიტიკოსი ჰყავდა.

გერმანიის პროკურატურის ცნობით, დაკავებული დარქნეტში მართავდა პლატფორმას, რომელიც მიზანში იღებდა პოლიტიკოსებს და ჯილდოდ კრიპტოვალუტას აწესებდა.

პროკურორების თქმით, მარტინ ს. თვეების განმავლობაში მართავდა ანონიმურ საბჭოს, რომელიც პოლიტიკოსების მკვლელობას ისახავდა მიზნად. მათ სამიზნეთა სიაში 20-ზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის, ოლაფ შოლცი და ანგელა მერკელი შედიოდნენ.

ფედერალურმა ხელისუფლებამ დაკავებულს ბრალი წაუყენა ტერორიზმის დაფინანსებაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ სერიოზული ძალადობრივი ქმედებების სწავლებასა და პერსონალური მონაცემების ისეთი გზით გავრცელებაში, რაც სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.

დაკავებული გერმანიისა და პოლონეთის მოქალაქეა და სამართალდამცველები მას 2020 წლიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში მისი აქტიური მონაწილეობის შემდეგ აკვირდებოდნენ. გერმანული სახელმწიფო მაუწყებლის ARD-ს ცნობით, კაცს ასევე კავშირი ჰქონდა ექსტრემისტულ მოძრაობა რაიხსბიურგერთან (რაიხის მოქალაქეები).